კაჰულის ოლქის სოფელ სლობოზია მარეს და ვალენის მახლობლად მდებარეობს მოლდოვის რესპუბლიკის ყველაზე დიდი ტბა ბელეუ. იგი წარმოადგენს ნაკრძალ „პრუტულ დე ჟოს“ (ქვედა პრუტი) მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც 1991 წელს შეიქმნა. ნაკრძალი წარმოადგენს ისეთი ჩიტების, თევზების, ცხოველებისა და მცენარეების სამოთხეს, რომლებიც მოლდოვის რესპუბლიკის წითელ წიგნში არიან შეტანილნი. ბელეუს ტბა წარმოადგენს დუნაის მინიატურულ დელტას, სადაც უამრავი წყლის მცენარეა და მას საერთაშორისო მნიშვნელობის ჭაობის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ტბა მდინარე პრუტთან დაკავშირებულია ოთხი შენაკადით, რომლიდანაც ორი ტბას ამარაგებს წყლით, ხოლო დანარჩენი ორი ჩაედინება უკან, მდინარეში. აქ გვხვდება ფლორისა და ფაუნის შთამბეჭდავი მრავალფეროვნება: ასობით ოყარი, წყლის მელოტები, წეროები, ყანჩისებრთა წარმომადგენლები, ჩვამასებრნი, იხვები, გედები და სხვა ფრინველები.
განსაკუთრებულ მოვლენად მიიჩნევა, როდესაც რამდენიმე ათასობით გადამფრენი ყანჩა, ყოველწლიურად ჩერდება ტბაზე და რჩება აქ 2-3 კვირის განმავლობაში. ისინი ამ მცირე პერიოდში ტბიდან მოიხმარენ დიდი რაოდენობის თევზს. ტბაზე ცოტა ხნით დარჩენის შემგედ, ყანჩები აგრძელებენ თავიანთ გზას დუნაის დელტაში.
როდესაც თქვენ ნავით მიცურავთ ტირიფების ულამაზეს ლაბირინთებში, აცნობიერებთ თუ რა უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეკოსისტემას.
ეს ადგილი სავსეა ისტორიით, რადგან მისი ხშირი ვიზიტორები გახლდნენ მოლდოვის სამეფო გვარის სხვადასხვა წარმომადგენლები.
ტბაზე შესაძლებელია ორი სახის ტურისტული მარშრუტის განხორციელება:
პირველი მარშრუტი შესაძლებელია განხორციელდეს ნაკრძალის მახლობლად მდებარე ფერდობის პლატფორმაზე, საიდანაც იშლება გასაოცარი ხედი ბელეუს ტბაზე.
მეორე მარშრუტი დამოკიდებულია ტბის წყლის დონეზე, როდესაც ტბაზე წყლის დონე აწეულია, შესაძლებელია ნავით ცურვა. ტურისტებს ნავის ქირაობა შეუძლიათ ნაკრძალის ტერიტორიაზე. ნავით მოგზაურობისას შესაძლებელია მონოლესკუს შენაკადის გადაკვეთა და ულამაზესი წყლის თეთრი შროშნებით ტკბობა.