გრანდიოზულია ფოთის მაცხოვრის ბრწინვალე აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარი, რომლის პროექტი შედგენილია არქიტექტორ ა.ზელენკოს მიერ და წარმოადგენს კონსტანტინეპოლის ,,აია-სოფიას’’ ანალოგს შემცირებული მასშტაბით; მოგვიანებით, აკადემიკოს-არქიტექტორ რ. მარფელდის მიერ შეტანილი მცირეოდენი შესწორებების შემდეგ, პროექტი დამტკიცდა. საკათედრო ტაძარი ბიზანტიური სტილისაა; იგი გათვალისწინებული იყო 2000 მლოცველისთვის, მისი აგება დაევალა ,,შავი ზღვის სამშენებლო საზოგადოებას“. მშენებლობა დაიწყო 1906 წლის 6 ივლისს და დასრულდა 1907 წლის სექტემბერში; 14 სექტემბერს ტაძრის საძირკველი აკურთხა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ, მშენებლობა მიმდინარეობდა ,,ბენედიკის“ მეთოდით, რკინა-ბეტონის ორმაგი გარსებით, ფოთის საკათედრო ტაძარი იყო პირველი რკინა-ბეტონის მონოლითური შენობა მაშინდელ რუსეთის იმპერიაში; ჯვარი გუმბათზე აღმართეს 1907 წლის 22 მაისს. საბჭოთა ხელისუფლებამ 1933-36 წლებში ტაძარი თეატრად გადააკეთა, 1981-83 წლებში მიაშენეს მცირე და სარეპეტიციო დარბაზები; 2005 წლის ნოემბერში ტაძარი დაუბრუნდა საქართველოს საპატრიარქოს და გადაეცა ფოთისა და ხობის ეპარქიას.